მთის კვირეულისთვის მზადება აქტიურ ფაზაში შედის. ტრადიციული კერძები, ქსოვის და რეწვის გაკვეთილები, მუსიკა და ყველაფერი რაც მთასთან კავშირშია, დამთვალიერებელს კვირის ბოლოს ელოდება. ღონისძიებების ინიციატივა საქართველოს მთავრობას ეკუთვნის და მიზანი, ქვეყნის კუთხეებით მოგზაურებისა და ტურისტებისთვის დაინტერესებაა. ხინკალი, როგორც მთის იდენტობის ნაწილი ფესტივალის მთავარი შემადგენელია. საქართველოს მასშტაბით, ცნობილი შეფ-მზარეულები გამოწვევაში ერთვებიან და მასტერკლასს, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის გამართავენ. დაგეგმილია სიურპრიზები და ექსპერიმენტები, მზარეულები სტუმრებს ხინკლის სხვადასხვა ვარიაციას შესთავაზებენ, შენარჩუნდება ტრადიციული სახეც. ტურიზმის სააგენტოში თვლიან, რომ კვირეული ვიზიტორთა ნაკადს მნიშვნელოვნად გაზრდის. მთის კვირეული 16 ივლისს თუშეთსა და ყაზბეგში დაიწყება, მოგვიანებით, უკვე 23 ივლისს ღონისძიება მესტიასა და შოვში გადაინაცვლებს.