ხვალ საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მადრიდი იქნება.
ნატოს სამიტი იწყება. ქართულ დელეგაციას პრემიერი უხელმძღვანელებს, რომელსაც ოპტიმისტური პროგნოზები აქვს. ქართული მხარე პროგრესის აღიარებას და თანამშრომლობის გაღრმავებას ელის. ერთი დღით ადრე ორგანიზაციის გენერალური მდივნის მთავარი გზავნილია, რომ საქართველო მხარდაჭერის ახალ პაკეტს მიიღებს. თუმცა რა იგულისხმება ამ ახალ პაკეტში, არ დაკონკრეტებულა. სტოლტენბერგმა დღეს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის და შეცვლილი გეოპოლიტიკური სიტუაციის ფონზე იმ ქვეყნებთან პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერება, რომლებიც რუსეთის აგრესიის საფრთხის ქვეშ არიან. სწორედ უკრაინის ომის გათვალისწინებით ხვალინდელ სამიტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.
„მოამბე“ ესპანეთიდან, – ანა ბროლაძე ემზადება სამიტის გასაშუქებლად.