ქვეყანა უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისთვის ემზადება. მასშტაბური სპორტული ღონისძიებისათვის აშენებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს პრემიერ-მინისტრი ეცნობა. ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა მიხეილ მესხის სტადიონზე, რომელიც უეფას მე-4, უმაღლესი კატეგორიისაა. კაპიტალური რეაბილიტაციის შედეგად, თავიდან მოეწყო საინჟინრო სისტემები, მოეწყო სივრცე ჟურნალისტებისათვის, ასევე დამონტაჟდა ახალი სკამები, განახლდა გახმოვანებისა და უსაფრთხოების სისტემები. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის მეთაურს დეტალურად გააცნო გაწეული სამუშაოები. სტადიონზე ასევე იმყოფებოდა თბილისის მერი კახა კალაძე. ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჩასატარებლად აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 ინფრასტრუქტურულ ობიექტს, რისთვისაც 115 მილიონი ლარი საქართველოს მთავრობამ გამოყო. 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.