რა კონფიგურაციით ჩაერთვებიან ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში, – ამ საკითხზე კონსულტაციები უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს და ოპოზიციური ერთობის საბოლოო ფორმირებამდე გაგრძელდება.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ის თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კი ელენე ხოშტარია წარადგინა. ისინი სხვა ოპოზიციურ პარტიებს თვითმმართველობის არჩევნებისთვის გაერთიანებას სთავაზობენ. მათი კანდიდატურების მხარდაჭერის შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობისთვის წარმომადგენლებს აღარ დაასახელებს და ამის შესაძლებლობა ერთობაში მყოფ ოპოზიციონერებს მიეცემათ. იქნება თუ არა მათთან ერთად „ლელო“, პარტიაში გადაწყვეტილებაზე ჯერ კიდევ ფიქრობენ. შეთავაზება მიუღებელია „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“, რომელიც არჩევნებში ბრძოლას დამოუკიდებლად გეგმავს. მხოლოდ მისი გუნდიდან აპირებს კანდიდატების წარდგენას „ლეიბორისტული პარტია“. ამასთან, უკვე ცნობილია, რომ „ევროპული საქართველოსა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ გარდა, „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებას იზიარებს არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილიც.