ოპოზიცია წინასაარჩევნო გადაჯგუფებებისთვის ემზადება.
ცალკეულ პარტიებსა და პოლიტიკურ ლიდერებს შორის კონსულტაციები უკვე დაწყებულია. ბლოკების შექმნის აკრძალვის და 5%-იანი ბარიერის პირობებში ოპოზიციის ნაწილი ალიანსების შექმნის და საერთო კოორდინაციის აუცილებლობაზე საუბრობს. მათ შორისაა პოლიტიკაში დაბრუნებული ნიკა გვარამიაც, რომელიც ხელისუფლების შეცვლის გზას მხოლოდ ოპოზიციური ძალების ერთობაში ხედავს. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო გაერთიანება ამჯერად ვეღარ მოხერხდება, რადგან „სტრატეგია აღმაშენებლის“ გარდა ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიამ სხვა მოკავშირე ამ ეტაპზე ვერ იპოვა. თუმცა გამოიკვეთა ერთ-ერთი შესაძლო ალიანსის კონტურები. საუბარია „ლელოს“ და „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასულ ნიკა მელიას სამომავლო თანამშრომლობაზე. როგორც ირკვევა, ყოფილი მმართველი პარტიის ყოფილ თავმჯდომარესთან კონსულტაციებში ჩართულია ამავე პარტიიდან წასული ხატია დეკანოიძეც, რომელიც თავის მხრივ კონსულტაციებს ნიკა გვარამიასთანაც გადის.