მზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის

ევროკავშირის მედიაციით დაგეგმილი მოლაპარაკების პარალელურად, მმართველი გუნდი თვითმმართველობის არჩევნებისთვის იწყებს მზადებას.

„ქართულ ოცნებაში“ მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატების შესარჩევად შიდა კონსულტაციები დაიწყო, თუმცა მთავარ კითხვაზე, იყრის თუ არა დედაქალაქში კენჭს კვლავ მოქმედი მერი, ცალსახა პასუხი ჯერ არ არსებობს. საინტერესოა ისიც, ჩაერთვებიან თუ არა საარჩევნო კამპანიაში ხელისუფლების ოპონენტებიც. როგორც ირკვევა, შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა იმ მოლაპარაკების ფინალზეა დამოკიდებული, რომელიც შარლ მიშელის მიერ გამოგზავნილი პირადი წარმომადგენლის ჩართულობით იგეგმება. იმ მემორანდუმიდან გამომდინარე, რომელიც პარლამენტში ალეკო ელისაშვილის და ლევან იოსელიანის შესვლის წინაპირობა გახდა, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები შეცვლილი საარჩევნო სისტემით, წესებით და კანონმდებლობით ჩატარდება.