დღეს მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ თარიღს უკვე რამდენიმე წელია, საქართველო სხვადასხვა ღონისძიებით უერთდება. ყველა მუზეუმში სტუმრობა დღეს უფასო იქნება. დაგეგმილია უკვე ტრადიციადქცეული კამპანია „ღამე მუზეუმში“, რომლის ფარგლებშიც სპეციალური ჩვენებები და მასტერკლასები გაიმართება.
ასევე, საგანგებოდ ამ დღისთვის კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმიც გაიხსნა. საგამოფენო კონცეფცია არის მცდელობა, აღადგინოს და აჩვენოს საბჭოთა კავშირის დაშლის წინა პერიოდი. განახლებული საექსპოზიციო სივრცე ორად არის გაყოფილი. ერთი ნაწილი ქართველი ენათმეცნიერის, კოტე წერეთლის მოღვაწეობას, მერე ნაწილი კი მისი ვაჟის, სოსო წერეთლის შემოქმედებას ეთმობა, რომელიც 80-იანი წლების გახმაურებული თვითმფრინავის საქმის მონაწილე იყო.