ევროკომისიის დავალებაზე მუშაობის მეორე რაუნდი დაიწყო. ოპოზიციამ ტაქტიკა შეცვალა, თუმცა ცხრაპუნქტიანი გეგმა მაინც პოლიტიკური ვნებათაღელვის საგნად რჩება. მწვავე კრიტიკის მთავარი სამიზნე ამჯერად „ლელოა“. მამუკა ხაზარაძის პარტია ერთადერთია ოპოზიციური ფლანგიდან, რომელმაც პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა. ამ გადაწყვეტილების გამო „ლელოს“ ოპოზიციაც აკრიტიკებს, თუმცა ყველაზე დიდი რეზონანსი პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ შეფასებას მოჰყვა. ხელისუფლების მხრიდან ცხრა რეკომენდაციის შესრულებას არც დანარჩენი ოპოზიცია ელოდება, მაგრამ, 2022 წლისგან გასხვავებით, ამჯერად საპარლამენტო ოპოზიციის თითქმის სრული შემადგენლობა ყველა ფორმატში მონაწილეობას აპირებს. დაანონსებულია საკუთარი საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენაც. ევროკომისიისგან მოთხოვნილი რეფორმების გარშემო იდეების შესათავაზებლად მმართველმა პარტიამ ოპონენტებს ორკვირიანი დრო მისცა.