ირაკლი კობახიძის მეთაურობით მთავრობას პარლამენტთან ერთად ქვეყანა ევროინტეგრაციის ახალ ეტაპზე ჰყავს გადასაყვანი.
ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად ევროკომისიისგან მიღებულ ცხრა პუნქტიან გეგმაზე მუშაობა ხმაურიანად დაიწყო. ოპოზიციის ნაწილისთვის გუშინ გამართული პირველი შეხვედრა საკმარისი აღმოჩნდა იმაში დასარწმუნებლად, რომ ხელისუფლება ცხრა რეკომენდაციის შესრულებას არ აპირებს. თუმცა 12-პუნქტიანი გეგმისგან გასხვავებით, როცა რამდენიმე პარტიამ ბოიკოტის რეჟიმი აირჩია, ამჯერად სამუშაო პროცესში ოპოზიციის თითქმის სრული შემადგენლობა აპირებს მონაწილეობას. გამონაკლისი მხოლოდ „ლელოა“, რომელიც სამუშაო ფორმატს გაემიჯნა. ხაზარაძის გუნდმა ცხრა პუნქტის შესრულების ალტერნატიული გეგმა წარმოადგინა. არჩეული ტაქტიკის გამო „ლელოს“ ოპოზიციურ ფლანგზეც აკრიტიკებენ.