ორი თვის შემდეგ მთავრობა პარლამენტისგან კვლავ ნდობის მიღებას ელოდება.
გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ განახლებული მინისტრთა კაბინეტი საკანონმდებლო ორგანომ დღეს უნდა დაამტკიცოს. პრემიერობის კანდიდატის მოსმენის პროცესი ფინალურ ეტაპზეა – დაჩქარებულად წარმართული პროცედურების შემდეგ ამ წუთებში ირაკლი ღარიბაშვილს პლენარულ სხდომაზე უსმენენ, პოლიტიკური დებატების შემდეგ კი კენჭისყრის პროცესი დაიწყება. დასამტკიცებლად საჭიროა სიითი უმრავლესობა, ანუ 76 ხმა. სამთავრობო პროგრამის არარსებობის და სამომავლო ხედვების ვერ მოსმენის არგუმენტით, ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი გუნდისთვის ნდობის გამოცხადებას არ აპირებს ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“. კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებენ „ევროპელი სოციალისტები“.