მთავრობის უპრეცედენტო დახმარება დეველოპერულ სექტორსა და მოქალაქეებს - რა შეღავათებს მიიღებენ მოქალაქეები ბინების შესაძენად
„კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო დაზარალებული კიდევ ერთი სფერო მხარდაჭერის გეგმით ისარგებლებს. სამშენებლო სექტორში რისკების დასაზღვევად და გაყიდვების გასაზრდელად სახელმწიფო სფეროს ოთხნაწილიან დახმარების პროგრამას სთავაზობს. მოქალაქეებს, რომლებიც ბინების შესაძენად პირველ იანვრამდე იპოთეკურ სესხებს აიღებენ, საპროცენტო განაკვეთის ოთხ პროცენტს სახელმწიფო დაუფარავს. სუბსიდირების პროგრამა ხუთ წელზე იქნება გათვლილი. გამოწვევების მიუხედავად, ამ ეტაპზე სამშენებლო კომპანიები უძრავი ქონების ფასების გადახედვას არ განიხილავენ.
ანტიკრიზისული დახმარების პაკეტის მეოთხე ეტაპით გათვალისწინებულია დევნილებისთვის საცხოვრებელი ბინების მშენებლობაც, რისთვისაც 150 მილიონი ლარია გამოყოფილი. ამასთან, გაგრძელდება 2013 წლამდე მიტოვებული მშენებლობების აღდგენის პროცესი. მოქალაქეს კი ბინის შეძენის სურვილის შემთხვევაში, სესხის აღებისას, სახელმწიფო ბანკთან გარანტორად დაუდგება.