პრემიერის დღევანდელი განცხადებების გამო, საპროტესტო აქცია გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, მათი მხარდამჭერები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს და ამასთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება გააპროტესტეს, რომლის თანახმადაც, საქართველო ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში.
აქციის მონაწილეებმა ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაც მოითხოვეს. კანცელარიასთან შეკრებილების ნაწილის თქმით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს უნდა შეუერთდეს. აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით რუსთაველზე, პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.