მთავარი პროკურატურა ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, განცხადებასა და ვრცელ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს. პროკურატურა ასაჯაროებს 2018 წლის 10 სექტემბრის აუდიოჩანაწერს, რომელიც, უწყების ინფორმაციით, მოქალაქე ი.პ.-ისგან ამოღებული მეხსიერების ბარათიდან ერთ-ერთია და, სავარაუდოდ, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის ერთ-ერთ დაწესებულებაშია ჩაწერილი.
პროკურატურის მიერ გავრცელებული მასალა თითქმის სამსაათიანია და ამ ჩანაწერშიც მთავარი ფიგურანტები მირზა სუბელიანი, ვიქტორ ჯაფარიძე და გიორგი ცუხიშვილი არიან. პროკურატურის ინფორმაციით, ფარული აუდიოჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, უკვე გამოკითხულები არიან სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი ი.პ., ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი. რაც შეეხება მირზა სუბელიანს, საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, მან კითხვების ნაწილის პასუხის გაცემისგან ამ ეტაპისთვის თავი შეიკავა.
პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად, ასევე, მედიასაშუალებით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში გახმოვანებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით.