უკრაინულ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ჩანაწერი  

მთავარმა პროკურატურამ ახალი ფარული ჩანაწერის შესწავლა დაიწყო.

ისევ უკრაინულ ვებ-გვერდზე გავრცელებულ აუდიო-მასალაში, რომლის ავთენტურობა ჯერ დადგენილი არ არის, დიალოგი მიხეილ სააკაშვილსა და გიორგი ვაშაძეს შორის მიმდინარეობს. ჩანაწერში ყოფილი პრეზიდენტი რამდენჯერმე ახსენებს სიტყვა რევოლუციას და პროცესების თავისუფლების მოედანზე გადატანის აუცილებლობაზე მიუთითებს. დიალოგის მონაწილეები „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატსაც ახასიათებენ.
ჩანაწერის შინაარსი მოულოდნელი არ აღმოჩნდა მმართველი გუნდისთვის. გავრცელებულმა აუდიო-მასალამ „ქართული ოცნების“ ლიდერები ექს-პრეზიდენტის და მისი თანაგუნდელების რევოლუციურ გეგმებში კიდევ ერთხელ დაარწმუნა. ოპოზიცია ჩანაწერს არასერიოზულად მიიჩნევს და მის ნამდვილობას უარყოფს.