თვენახევრიანი მკურნალობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ისევ რუსთავის ციხეშია.
გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნება კვლავ პოლიტიკური ვნებათაღელვის თემაა. ამჯერად მხარეები ვერ თანხმდებიან, იყო თუ არა შიმშილობის შემდგომი მკურნალობის პროცესი დასრულებული და გადაყვანის გადაწყვეტილება სამედიცინო დასკვნებით გამყარებული. ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები და თანაგუნდელები გვიან ღამით მიღებულ გადაწყვეტილებას გატაცებად აცხადებენ. პროცესის მიმართ კითხვები და შენიშვნები აქვს სახალხო დამცველსაც. მმართველი გუნდი კი შესაბამისი დასკვნის მითითებით ოპონენტებს ახსენებს, რომ მკურნალობის კურსი ორი კვირის წინ დასრულდა. ჯერ უცნობია, მიმართავს თუ არა მიხეილ სააკაშვილი კვლავ პროტესტის უკიდურეს ფორმას, რითიც რამდენიმე დღის წინ უკვე დაიმუქრა.