ბელგიის და გერმანიის შემდეგ ჰოლანდია.
საქართველოში რამდენიმე საქმეზე მსჯავრდებული ზურაბ ადეიშვილი ამჯერად ჰააგაში მართავს შეხვედრებს. იუსტიციის ყოფილი მინისტრი, რომლის სახელს არაერთი გახმაურებული საქმე უკავშირდება, ჰოლანდიაში უკრაინის გენერალური პროკურორის ხელმძღვანელობით ჩასული დელეგაციის შემადგენლობაშია. ოფიციალური შეხვედრების გარდა დღის წესრიგი იმ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობასაც მოიცავს, რომელიც უკრაინაში სამართლიანობის აღდგენას ეხება.
მძიმეა ოფიციალური თბილისის რეაქცია. საქართველოს პროკურატურიდან ჰოლანდიაში ექს-მაღალჩინოსნის დაკავების და ქართული მხარისთვის გადმოცემის მოთხოვნა უკვე გაგზავნილია. ბუნდესტაგის და ევროკომისიის შემდეგ ეს ბოლო ორ თვეში უკვე მესამე შემთხვევაა, როცა საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებული ადეიშვილი უკრაინის დელეგაციის სახელით ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. ექსტრადირების შესახებ მიმართვები ერთი თვის წინ გერმანიასა და ბელგიაშიც გაიგზავნა, თუმცა რეაგირების გარეშე.