ოფიციალური თბილისი ბერლინისგან განმარტებებს მოითხოვს.
ბუნდესტაგის პარლამენტში რამდენიმე საქმეზე მსჯავრდებული და ბრალდებული ექს-მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი გამოჩნდა. იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ექს-გენერალური პროკურორი გერმანიის საკანონმდებლო ორგანოში, როგორც ჩანს, უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლის სტატუსით იმყოფებოდა და უკრაინის სამხედრო დახმარებაზე მიმდინარე განხილვას ესწრებოდა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა გახმაურებული საქმეების მთავარი ფიგურანტი საერთაშორისო ფორმატშია წარმოდგენილი. მანამდე იყო ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და ევროსაბჭო. ჰააგის და სტრასბურგის შემდეგ მმართველი გუნდი ამჯერად გერმანიის ხელისუფლებას ახსენებს, რომ 2012 წლიდან საქართველოდან წასულ და ძებნილის სტატუსის მქონე ზურა ადეიშვილის სახელს არაერთ მძიმე დანაშაულში ედება ბრალი. ოპოზიციის ნაწილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფილი მაღალჩინოსნის თავისუფლად გადაადგილებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.