შეურაცხმყოფელი ეპითეტები ხელისუფლების მისამართით და მკაცრი ტონი – ამერიკის სენატში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენას თბილისში საკმაოდ მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა. ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი უმძიმეს შეფასებებს აძლევს. სენატორების ნაწილმა ღიად თქვა, რომ არჩევნებზე ხელისუფლების შეცვლას ელოდება, მანამდე კი ქვეყნისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას მხარს უჭერს. საქართველოდან მომხსენებლად წარდგენილმა ეკა გიგაურმა თავი მესამე სექტორის წინააღმდეგ რეპრესიების მსხვერპლად წარმოადგინა. საგარეო კურსის ცვლილება, ანტიდასავლური დეზინფორმაციული კამპანიის გაძლიერება, სამოქალაქო საზოგადოების განადგურების მცდელობა – ეს იყო „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელის მთავარი ბრალდებები, რომლებიც „ქართული ოცნების“ მისამართით ამჯერად სენატიდან გააჟღერა. იყო მოთხოვნა ინდივიდუალური პირებისთვის სანქციების დაწესებაზეც. არანაკლებ მწვავე აღმოჩნდა სიტყვით გამომსვლელი კონგრესმენების რიტორიკა. კრიტიკის მთავარ სამიზნედ მაისში, პროტესტის ფონზე დამტკიცებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი იქცა.