საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარება ერთ-ერთი მთავარი პუნქტი იყო ცხრა რეკომენდაციიდან, რომელიც შარშან ევროკომისიამ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დასაწინაურებლად მისცა.
ერთი წლის თავზე ბრიუსელი დავალებას ამოწმებს. როგორ შეასრულა კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ქვეყანამ რეკომენდაციები, რომლებზეც დამოკიდებულია, გახსნის თუ არა ევროკავშირი საქართველოსთან წევრობაზე მოლაპარაკებებს – ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ვრცელი ანგარიში ყველა სფეროს შეფასებას მოიცავს. არის როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური აქცენტები. რეფორმების ნაწილი საერთოდ შეუსრულებლად, ნაწილი კი ნაწილობრივ შესრულებულად ცხადდება. აქცენტი ამჯერადაც საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებზეა. ევროკავშირის გზაზე წინსვლის შემაფერხებელ მთავარ ფაქტორად კი აქციების ფონზე მიღებული უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი სახელდება, ლგბტ პირთა დისკრიმინაციის არგუმენტით მწვავედ გაკრიტიკებულია ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონიც.
გაზრდილი პოლარიზაცია, ოპონენტების მიმართ მუქარა – 35-თავიანი ანგარიში თბილისში სხვადასხვანაირად იკითხება.