მძიმე გზავნილები ვაშინგტონიდან – ცოტა ხნის წინ დასრულდა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს საკითხზე გამართული მოსმენა. სიტყვით გამომსვლელებს შორის იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საკმაოდ მძიმე განცხადებები გააკეთა.
გიგაური ამბობს, რომ საქართველოში ოპოზიციური სპექტრი და სამოქალაქო სექტორი დეზინფორმაციული კამპანიისა და რეპრესიების მსხვერპლია. მესამე სექტორის წარმომადგენელი, რომლის ხელმძღვანელობის ქვეშ მოქმედი ორგანიზაცია მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ერთ-ერთი დამკვირვებელია, 26 ოქტომბერს რეფერენდუმად აცხადებს და ქვეყნის ხელისუფლებას საგარეო კურსის ცვლილებაში ადანაშაულებს.
მწვავე კრიტიკის მთავარი საგანი მაისში პროტესტის ფონზე დამტკიცებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი იყო. მკაცრი იყო სენატორების ტონიც. ზოგიერთმა კანონმდებელმა რეზონანსული კანონის ამოქმედების შესაჩერებლად, კონკრეტული ზომების მიღება მოითხოვა.