ნიკა გვარამიას საქმის სკანდალური გაგრძელება.
მოსამართლე, რომელმაც 16 მაისს ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელს პატიმრობა მიუსაჯა, დუმილს არღვევს.
საუბარია ლაშა ჩხიკვაძეზე, რომელიც განაჩენის გამოტანის შემდეგ ამერიკის სასწავლო პროგრამის მონაწილეთა და შესაბამისად, აშშ-ში გასამგზავრებელ მოსამართლეთა სიიდან ამოიღეს. მოსამართლე პირველად საუბრობს იმ კომუნიკაციის დეტალებზე, რომელიც, როგორც თავად ამტკიცებს, მასა და აშშ-ის საელჩოს წამომადგენელს შორის შედგა და ელჩის სახელით კონკრეტული კითხვები დაისვა. ჩხიკვაძის შეფასებით, ეს იყო კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე ანგარიშის მოთხოვნა, რაც კანონმდებლობით აკრძალულია. როგორც ირკვევა, საელჩოს წარმომადგენელმა განაჩენის ავტორს დიალოგის დროს აცნობა, რომ სწორედ გვარამიას მიმართ მიღებული გადაწყვეტილების გამო სასწავლო პროგრამაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებდა. კიდევ უფრო მწვავეა მოსამართლის შეფასებები ევროპარლამენტარ გალერის მისამართით, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს წინა ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდა. ლაშა ჩხიკვაძის განცხადება სამართლებრივ სფეროს გასცდა და მწვავე პოლიტიკური შეფასებების მთავარ თემად იქცა.