მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმები

ხმაურით დაიწყო და ასევე ხმაურიანად დასრულდა მოსამართლეებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა.

ოპოზიციის, უმრავლესობიდან წასული დეპუტატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგობის მიუხედავად, იურიდიულმა კომიტეტმა მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ პროექტს მხარი დაუჭირა. და ეს მაშინ, როცა ვენეციის კომისიის დასკვნა ხვალ უნდა გამოქვეყნდეს. სწორედ ამ არგუმენტით ოპონენტები „ქართულ ოცნებას“ განხილვის გადატანას სთხოვდნენ.

პროტესტის მიზეზი გახდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის კონკრეტული კრიტერიუმები და პროცედურებიც. მათ შორის მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების ვალდებულება, რასაც პროექტის მოწინააღმდეგეები არასასურველი კანდიდატების დაბლოკვის საშუალებად აცხადებენ.

ოპონენტები კანონპროექტს იუსტიციის საბჭოს ინტერესებზე მორგებულად მიიჩნევენ. ბრალდებას კონკრეტულ პუნქტებს უპირისპირებენ ავტორები და ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციის გათვალისწინების პირობას დებენ.

მწვავე განხილვის დროს სიტუაცია დარბაზში რამდენჯერმე დაიძაბა.