სოჭში გრან პრის მეექვსე ეტაპზე ფიგურულ ციგურაობაში ოქროს მედლის მფლობელი ქართველი მოციგურავე, მორის ყვითელაშვილი გახდა. მედლების პირველი კომპლექტი მამაკაცებს შორის გათამაშდა, სადაც ერთდროულად ორი ქართველი სპორტსმენი მორის ყვითელაშვილი და სენიორების ეტაპების დებიუტანტი ნიკა ეგაძე მონაწილეობდნენ. საკმაოდ მაღალი კონკურენციის პირობებში, დაძაბული ორდღიანი ასპარეზობის შემდეგ, ორი პროგრამის ჯამში, 266.33 ქულით სოჭის ეტაპის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი მორის ყვითელაშვილი გახდა. ამ რანგის ტურნირზე მოპოვებული ოქროს მედალი, რომელშიც 8 ქვეყნის რეიტინგული 12 მონაწილე მონაწილეობდა, პირველი შემთხვევაა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში.