დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ახლა უკვე ზურა ადეიშვილი – ნიკა მელიას მიერ მხილებულ პირთა სია ფართოვდება.
„ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალურად მართვაში პარტიის ყოფილი თავმჯდომარე თავდაცვის და შინაგან საქმეთა ექს-მინისტრების შემდეგ იუსტიციის ყოფილ მინისტრსაც ამხელს. დაგეგმილი სპეცოპერაცია და პარტიული გადატრიალება – ასე აფასებს მელია თავმჯდომარის ვადამდელ შიდა არჩევნებს, რომელშიც ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. სტრასბურგიდან სააკაშვილის საქმეზე უარის მიღების შემდეგ ყოფილი თავმჯდომარე პარტიის ახალ მენეჯმენტს მორიგი შიდა არჩევნების გაუქმებისკენ მოუწოდებს. საუბარია რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეთა არჩევნებზე, რომელიც შიდა პარტიული დაპირისპირების გამწვავების მიზეზი გახდა. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, რომელიც ცალკე ოფისშია გადასული, მომავალ პოლიტიკურ გეგმებზე არ საუბრობს და ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ ტოვებს, შექმნის თუ არა ახალ პარტიას, რაზეც ოპოზიციურ წრეებშიც საუბრობენ. თუმცა, ბოლო განცხადებები ხაბეიშვილის ფრთას შთაბეჭდილებას უქმნის, რომ ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობიდან“ უკვე წავიდა.