უკრაინიდან ბრალდებების სერია გრძელდება.
კიევი ამჯერად ოფიციალური თბილისის მხრიდან საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკის“ გადაცემაზე უარმა გააღიზიანა. რიტორიკა უცვლელია. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს, ქართველ ხალხს არჩევნებზე გაკეთებულ არჩევანს უწუნებს და ქართული მხარის პოზიციონირებას უკრაინისადმი უპატივცემულობის დემონსტრირებად მიიჩნევს. „ბუკის“ სისტემა, რომლის გადაცემა კიევმა თბილისს ცოტა ხნის წინ სთხოვა, ორი ქვეყნის მთავრობებს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობის კიდევ უფრო გამწვავების მიზეზი გახდა. უკრაინის ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციის ნაწილისთვისაც არ არის საკმარისი არგუმენტი თავდაცვის უწყების ის განმარტება, რომლის მიხედვით „ბუკის“ სისტემა საქართველოს უკრაინამ 2007 წელს მიჰყიდა და არა აჩუქა.
უნდა ეხმარებოდეს თუ არა უკრაინას სამხედრო შეიარაღებით საქართველო, რომლის ტერიტორიები რუსეთის მიერ ოკუპირებულია და წლებია, რუსეთის აგრესიის საფრთხის ქვეშ არის – ამ კითხვაზე პოლიტიკურ სპექტრში პოზიციები იყოფა.