საქართველოს კიდევ ერთი საერთაშორისო მხარდაჭერა უკრაინას.
ჩვენი ქვეყანა თანასპონსორია გაერო-ში მომზადებული რეზოლუციის, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიას გმობს. დოკუმენტი გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე 143 ხმით მიიღეს. ომის დაწყების შემდეგ ეს უკრაინის მხარდასაჭერად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მეორე რეზოლუციაა, რომელსაც საქართველომ მხარი დაუჭირა. ჩვენი ქვეყანა 94 ქვეყანას შორის თანაავტორი იყო 3 მარტს დამტკიცებულ დოკუმენტში, სადაც რუსეთს უკრაინის ინტერვენციის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ.
საერთაშორისო პოზიციონირების და მხარდაჭერის ფონზე ოფიციალური თბილისი კიევისგან კიდევ ერთ მძიმე ბრალდებას იღებს. რიტორიკა უცვლელი, მძიმე განცხადების ავტორი კი კვლავ მიხეილ პოდოლიაკია, რომელიც ფაქტების და მტკიცებულებების გარეშე საქართველოს მთავრობას რუსეთთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.
ბრალდებას თბილისიდან საკმაოდ მძიმე რეაქციები მოჰყვა.