ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში პირველად, თბილისს დღეს ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროს პრეზიდენტი, მილო ჯუკანოვიჩი ეწვია. მონტენეგროს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში. ამის შემდეგ გაკეთდება ერთობლივი განცხადება. ვიზიტის ფარგლებში, მონტენეგროს პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და პრემიერ-მინისტრთან პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით გამართავს შეხვედრას. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სახელით, მონტენეგროს პრეზიდენტის პატივსაცემად, ორბელიანების სასახლეში ოფიციალური სადილი გაიმართება.