მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება მოქმედ პრეზიდენტს, „მოქმედებისა და სოლიდარობის“ პარტიის კანდიდატს, მაია სანდუსა და ყოფილ გენერალურ პროკურორს, სოციალისტური პარტიის კანდიდატს, ალექსანდრე სტოიანოგლოს შორის უწევთ. მოლდოვაში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 13:00 საათისთვის საკუთარი არჩევანი 850 ათასზე მეტმა მოქალაქემ დააფიქსირა, პირველ ტურში კი ამ საათისთვის ხმა 685 ათას ადამიანს ჰქონდა მიცემული. საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე კი 130 ათასზე მეტი მოქალაქე მივიდა. ყველაზე მაღალი აქტივობა მოსკოვსა და ბუქარესტშია. ცესკო-ს მონაცემებით, ამ დროისთვის 52 საჩივარია დაფიქსირებული.