ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი ხვალ უნდა გაიმართოს. მანმადე კი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა კონსულტაცია ამერიკის ელჩთან გამართეს. კელი დეგნანი პარტიებს საკუთარ რეზიდენციაში, ინდივიდუალურად შეხვდა.
ბოლო მონაცემებით, ხელისუფლების შეთავაზებაა ორმოცპროცენტიანი ჩამკეტი, 110/40-ზე პრინციპი და ოპოზიციის მიერ შერჩეული საარჩევნო ბარიერი. ოპონენტები კი მანდატების 130/20-ზე გადანაწილებას ითხოვენ. შეიცვლება თუ არა მხარეთა პოზიციები და რა წინადადებით დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, ეს, სავარაუდოდ, ხვალ გაირკვევა, რადგან საპარლამენტო უმრავლესობას დღეს კომენტარი აღარ გაუკეთებია, ოპოზიცია კი დღის ბოლოს შეთანხმდა, საკითხზე ერთობლივი განცხადება ხვალ გააკეთონ.