მოლაპარაკებების პერსპექტივა 

დიალოგი იგვიანებს. ფარული აუდიო ჩანაწერების გავრცელების შემდეგ „ლელოს“ და დანარჩენი ოპოზიციის პოზიციები გაიყო. მამუკა ხაზარაძის გუნდი მოლაპარაკებაზე პრემიერ-მინისტრთან დაჯდომას აღარ აპირებს. ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა არც დანარჩენი ოპოზიციური პარტიებისთვისაა მისაღები, თუმცა ამ საკითხის გამო დიალოგის გაგრძელებაზე უარის თქმას არ აპირებენ. თუ კახა კალაძის განცხადებას დავეყრდნობით, შეხვედრის მომდევნო რაუნდზე მმართველი გუნდიდან პრემიერთან ერთად კიდევ ერთი წარმომადგენელი იქნება. ორივე მხარე მოლაპარაკების გაგრძელების აუცილებლობაზე თანხმდება, თუმცა კომპრომისს ხელისუფლება ოპონენტებისგან, ოპოზიცია კი მმართველი პარტიიდან ელოდება. პლებისციტი, რომელსაც ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი კომპრომისულ ნაბიჯად განიხილავდა და რომელსაც იმთავითვე გამორიცხავდა მიხეილ სააკაშვილი, უკვე დღეს აღარავის უხსენებია. ვადამდელი არჩევნების და ნიკა მელიას გათავისუფლების მოთხოვნების არ დაკმაყოფილების შემთხვევაში ოპოზიცია ისევ აქციებს აანონსებს.