ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, თუმცა მანამდე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ შეხვდნენ ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებს და წერილობითი სახით გადასცეს ის მოთხოვნები, რომელზეც შვიდი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია შეთანხმდა. მათ შორის არ არის „პატრიოტთა ალიანსი.“ ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის შეთავაზებათა პაკეტში მისთვის ორი პუნქტი მიუღებელია. ირმა ინაშვილის ამ განცხადებას ოპოზიციაში ინტერპრეტაციას უწოდებენ.
ირმა ინაშვილმა მოგვიანებით განმარტება გააკეთა. მან განაცხადა, რომ ოპოზიციის მოთხოვნების ჩამონათვალი, რომელიც შვიდი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მიერ არის შემუშავებული და რომელიც გუშინ ელჩებს გადაეცათ, მას ბადრი ჯაფარიძემ გადაუგზავნა. მისი განცხადებით, ჩამოთვლილი პუნქტებიდან ერთ-ერთს ირმა ინაშვილი აფასებს, როგორც ხელისუფლებასთან გარიგების ფორმულას.
კონკრეტულად, რა წერია ამ პუნქტში, ირმა ინაშვილს დეტალებზე არ უსაუბრია. ინაშვილი ასევე განმარტავს, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ არასდროს ყოფილა არანაირ გაერთიანებულ ოპოზიციაში და ისინი დამოუკიდებლად და ინდივიდუალურ რეჟიმში ხვდებიან ფასილიტატორებსაც. რაც შეეხება მოთხოვნებს, ინაშვილი ამბობს, რომ მათი მოთხოვნები იგივეა. „პატრიოტთა ალიანსი“ ახალი არჩევნების გაზაფხულზე ჩატარებას ითხოვს, ასევე მოთხოვნებს შორისაა საარჩევნო გარემოსა და ცესკო-ს ცვლილება.