კრისტიან დანიელსონმა დღე იმ განწყობით დაიწყო, რომ შეთანხმების ნიშნებს დღის ბოლომდე ვარაუდობდა.
ხელისუფლება და ოპოზიცია დეტალებს არ აკონკრეტებენ და ლექსიკაში აღარც წითელი ხაზები ისმის, თუმცა ფაქტია, რომ ისევ არსებობს შეუთანხმებელი თემები. მმართველი გუნდი საკუთარ შეთავაზებებზე აკეთებს აქცენტს და ოპონენტების პასუხს ელის. რურუა-მელიას გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს მთავარ თემებად ტოვებს და დათმობას „ქართული ოცნებიდან“ ელოდება ოპოზიციაც. როგორც ჩანს, პლებისციტს, როგორც კომპრომისულ ნაბიჯს, ოპოზიციურ სპექტრში ყველა არ ემხრობა. ოპოზიციონერ ლიდერებს ერთმანეთისგან უკვე რიტორიკაც განასხვავებთ. მოლოდინის მიუხედავად, მხარეები ევროპული საბჭოდან გამოგზავნილი მედიატორის თანდასწრებით ერთ მაგიდასთან ამ დრომდე არ დამსხდარან, მედიაციის პროცესი ჯერ ინდივიდუალური მოლაპარაკებებით შემოიფარგლება. ერთი საინტერესო დეტალი: ოპოზიციასა და ხელისუფლებასთან შეხვედრებს შორის დიპლომატი პრეზიდენტის რეზიდენციაში მივიდა, რამაც გარკვეული ეჭვები გააჩინა.