საქართველოს მთავრობა რუსულ ენერგო გიგანტთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს.
„გაზპრომთან“ მოლაპარაკების დასრულებაზე დღეს ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა ილაპარაკა. მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ ახალი ხელშეკრულება აქამდე არსებულზე უკეთესი პირობებით გაფორმდება. მოლაპარაკების დეტალებზე მთავრობის სხდომის შემდეგ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ისაუბრა. ნათია თურნავას ინფორმაციით, სომხეთის მიმართულებით რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტის ფასი გაიზარდა, საქართველოს მიერ რუსული გაზის შესყიდვის შემთხვევაში კი, მისი ღირებულება შემცირდა.
შეგახსენებთ, სომხეთის რესპუბლიკას რუსული ბუნებრივი აირი საქართველოს საკუთრებაში არსებული გაზსადენით მიეწოდება, რაშიც ადრე, ქვეყანა გატარებული ბუნებრივი აირის 10 %-ს იღებდა, თუმცა რუსეთმა პირობების შეცვლა მოითხოვა, რის შემდეგაც ქვეყნებს შორის საკითხზე ახალი ხელშეკრულება ყოველ წელს ფორმდება. კონტრაქტის დეტალები სახელმწიფო საიდუმოებაა.