ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტომ, ფარმაცევტული კომპანიების მიმართ, მოკვლევა კიდევ ერთ საქმეზე დაიწყო.
საქმე ეხება სამინისტროს მიერ, გასული წლის დეკემბერში გასაჯაროებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ფარმაცევტული კომპანიები მედიკამენტების რეალიზაციას, იმპორტის ფასთან შედარებით, 1 000-დან 3 000 პროცენტამდე ფასნამატით ახდენდნენ. კონკურენციის სააგენტო, დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტს რვა ფარმაცევტული კომპანიის მიმართ სწავლობს. სააგენტო დაადგენს, ჰქონდა თუ არა ადგილი კომპანიების მხრიდან არასამართლიანი ფასის ან სხვა, არასამართლიანი სავაჭრო პირობების ფიქსირებას.
შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტომ, დაადგინა რომ „პსპ ფარმამ“, „ავერსმა“ „ფარმადეპომ“ „ჯიპისიმ“ და „მერმისმა“ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ერთი თეთრის სიზუსტით, იდენტური ფასები განსაზღვრეს. სააგენტომ ეს ფარმაცევტული კომპანიები 50 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა.