მოძრაობა „თალიბანის“ გადაწყვეტილება

მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის ხელისუფლებასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ მოძრაობის წარმომადგენელმა, საბიჰულა მუჯაჰიდმა საინფორმაციო სააგენტო DPA-ს აუწყა.

„თალიბანის“ წარმომადგენლის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დღეს 00:00 საათის შემდეგ დასრულდება და მოძრაობის წევრები სახელისუფლებო ძალებთან სამხედრო დაპირისპირებას გააგრძელებენ. ამიტომ „თალიბანის“ წევრებმა ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები მზის ჩასვლის შემდეგ უნდა დატოვონ.

რამდენიმედღიანი შეთანხმება, რომელიც ისლამურ დღესასწაულ, ბაირამთან დაკავშირებით დაიდო, დღეს დასრულდება. ცოტა ხნის წინ ქვეყნის პრეზიდენტი, აშრაფ ღანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივების ინიციატივით გამოვიდა. 

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად ავღანეთში ბაირამის დღესასწაული ტერაქტების ფონზე მიმდინარეობდა. ბოლო აფეთქება 16 ივნისს, ქალაქ ჯალალაბადში მოხდა. თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას მინიმუმ 28 ადამიანი შეეწირა. რადიკალმა თავი ნანგარჰარის პროვინციის გუბერნატორის ოფისის წინ აიფეთქა, სადაც მოძრაობა „თალიბანის“ წევრები და სახელისუფლებო ძალები, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ერთმანეთს ხვდებოდნენ.