„ამერიკული სტანდარტით, საქართველოში დასაჭერი ყოფილა მთელი ოპოზიცია, ყველა ოპოზიციური ტელევიზიის ხელმძღვანელი და მდიდარი „ენჯეოების“ ყველა თავმჯდომარე“, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში წერია: „ამერიკულმა პროკურატურამ ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი „შეთქმულება შეერთებული შტატების მოტყუებისთვის“. საბრალდებო დოკუმენტში ნათქვამია, რომ „არჩევნების დღიდან ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ბრალდებული ავრცელებდა სიცრუეს, რომ არჩევნები გაყალბდა და რეალურად მან გაიმარჯვა. ეს პრეტენზიები მცდარი იყო, რაც ბრალდებულმა იცოდა, მაგრამ მაინც გამოთქვამდა, რათა უნდობლობისა და ბრაზის ინტენსიური ატმოსფერო შეექმნა და არჩევნების ადმინისტრირების მიმართ საზოგადოების რწმენა შეერყია“. რაც შეეხება საქართველოს შემთხვევას, აქ რადიკალებისთვის ბრალის წაყენების ყველანაირი საფუძველი არსებობს. შეგახსენებთ, რომ ქართველი რადიკალები არა მხოლოდ ეჭვს გამოთქვამდნენ, არამედ პერმანენტულ აქციებს აწყობდნენ, ცესკო-ში შეჭრას ცდილობდნენ, პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდნენ, რამდენიმე თვე პარლამენტის წინააღმდეგ საბოტაჟს ახორციელებდნენ და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ. ეს ყველაფერი პირდაპირ იყო მხარდაჭერილი მდიდარი ენჯეოების მიერ, რომლებმაც ცესკო-ში შეჭრის მოსურნე რადიკალების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენებაც კი გააპროტესტეს და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას ღიად უჭერდნენ მხარს. მათვე გააყალბეს პარალელური ხმის დათვლის შედეგები, ოქმებში ზედმეტობის მონაცემები, იტყუებოდნენ, რომ ცესკო-მ დაგვიანებით გამოაქვეყნა არჩევნების შედეგები და ამ ყველაფრის გამო, არჩევნების ლეგიტიმურობა თავადაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს. პროკურატურა სერიოზულად დაინტერესდება ამ საკითხით, რასაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვისაც მნიშვნელოვანი პრევენციული ეფექტი ექნება“, – ნათქვამია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.