ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალე ასპარეზობის შემდეგ ბულგარეთის ქალაქ პლოვდივიდან დაბრუნდა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 23-წლამდელთა ნაკრები. ათი წონითი კატეგორიიდან, ქართველმა ფალავნებმა შვიდის ფინალში იასპარეზეს. მედლების საერთო რაოდენობაც შთამბეჭდავია – საქართველოს დელეგაციამ მოიპოვა ოთხი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. ევროპის ჩემპიონები გახდნენ გიორგი შოთაძე, დიეგო ჩხიკვაძე, გიორგი ჩხიკვაძე და გიორგი ქაცანაშვილი. საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში 183 ქულა მოაგროვა, 27 ქულით გაუსწრო თურქეთის ეროვნულ გუნდს და პირველი ადგილი დაიკავა. დღეს პლოვდივში ევროპის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 23-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო, სადაც ქართველი მოჭიდავეები ათივე წონით კატეგორიაში იასპარეზებენ.