„მოამბე“ 55 წლისაა

საინფორმაციო პროგრამა „მოამბე“ დღეს 55 წლის გახდა – საქართველოს ტელევიზიის საინფორმაციო სამსახური ამ სახელწოდებით 1968 წლის 4 იანვარს ჩამოყალიბდა. სახელის იდეა თამაზ ხომერიკს ეკუთვნის, რომელიც ინფორმაციის მთავარ რედაქციას ხელმძღვანელობდა. მანამდე პირველ საინფორმაციო გამოშვებას, რომელიც ეთერში 1958 წელს გავიდა, უკანასკნელი ცნობები ერქვა.

„მოამბემ” ყოველდღიური მაუწყებლობა ტელევიზიის შექმნიდან ათი წლის შემდეგ დაიწყო. წლებთან ერთად იცვლებოდნენ დიქტორები და წამყვანები. „მოამბე“ წლების განმავლობაში ქვეყანაში ინფორმაციის ერთადერთ წყაროდ რჩებოდა. ჩვენს არქივში დაცულ უნიკალურ კადრებს შორისაა „მოამბის“ ოპერატორების მიერ გადაღებული ეროვნული მოძრაობის, დამოუკიდებლობის პირველი წლების, აფხაზეთის ომისა და უახლესი ისტორიის სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები.

დღეს საინფორმაციო გადაცემა პირდაპირ ეთერში თანამედროვე სტუდიიდან გადის. საინფორმაციო სამსახური ინფორმაციის გადაცემას რამდენიმე პლატფორმაზე ახორციელებს – ტელევიზიით, რადიოთი და ვებგვერდზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიაპროდუქცია ითარგმნება ეთნიკური უმცირესობების ენებზე.

„მოამბის“ ყველა თაობას გილოცავთ 55 წლის იუბილეს.

მოამბე