„მოამბე“ 54 წლის გახდა

„მოამბე“ დღეს 54 წლის გახდა. პირველი სატელევიზიო საინფორმაციო გამოშვების ხანგრძლივი ისტორია 1968 წლიდან იწყება. სახელწოდება კი მთავარი რედაქციის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, თამაზ ხომერიკმა ილია ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ჟურნალის, „საქართველოს მოამბის“ მიხედვით შეარჩია.

გადაცემას თავიდან რამდენიმე თანამშრომელი ერთი ტელეკამერითა და ორი წამყვანით ამზადებდა. რეპორტაჟების ნაცვლად, მაყურებელს ახალ ამბებს ფოტოკოლაჟებით უყვებოდნენ. ჟურნალისტებმა საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში მიმდინარე ამბების გაშუქება მალევე დაიწყეს კინოკამერებით. „მოამბე“ წლების განმავლობაში ქვეყანაში ინფორმაციის ერთადერთი წყარო იყო.

ჩვენს არქივში დაცულ უნიკალურ კადრებს შორისაა „მოამბის“ ოპერატორების მიერ გადაღებული 9 აპრილი, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი არჩევნები და აფხაზეთის ომის ამსახველი ვიდეომასალა. დღეს უკვე საქართველოს პირველი არხის ეთერში ახალი ამბები ხელმისაწვდომია, რამდენიმე ენაზე და სხვადასხვა პლატფორმაზე, მათ შორის 1tv.ge-ზე.

 

მოამბე