ტელეისტორია იწყება ჩვენით – საქართველოს პირველი საინფორმაციო პროგრამა მოამბე დღეს 50 წლის გახდა.
ნახევარი საუკუნის წინ, 1968 წლის 4 იანვარს ტელევიზიის ეთერში პირველად გავიდა ყოველდღიური ახალი ამბების გამოშვება. მას შემდეგ მოამბე მაყურებელს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდის.
მაყურებლისთვის სანდო და ობიექტური ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდება, – ეს დღეს ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპია. დროსთან ერთად იცვლებოდნენ თაობები, წამყვანები, ჟურნალისტები, იცვლებოდა ტექნიკური პერსონალი, სტუდიები, ვიზუალური გაფორმება, თუმცა, უცვლელი დარჩა სახელი მოამბე.
ცვლილებებთან ერთად, მოამბის არსებობის ხანგრძლივ ისტორიაში იყო არაერთი გარდამტეხი ეტაპი და რთული პერიოდი. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ყოველთვის პირდაპირ აისახებოდა პირველი არხის საინფორმაციო პროგრამის მუშაობაზეც.
მოამბემ შემოინახა იმ მნიშვნელოვანი მოვლენების უნიკალური არქივი, რომლებიც უკვე დღეს საქართველოს უახლესი ისტორიაა.
სწორედ საარქივო მასალების მიხედვითაა მომზადებული ჩვენი რეპორტაჟი, რომელიც მოამბის 50-წლიან ისტორიას ასახავს.