▶ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პირდაპირი გზავნილი, საერთაშორისო საზოგადოების მოწოდება და ოპოზიციის უარი – არჩევნების მეორე ტურამდე ორი დღით ადრე, გაერთიანებული ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია და მხოლოდ ხელახალი, ან ვადამდელი არჩევნების საკითხს განიხილავს; აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ბოიკოტს უკვე ნანახ ფილმს უწოდებს და პარტიებს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს;
▶ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება როინ შავაძის საქმეზე, რომელსაც ოჯახი 12 წელი ელოდა – ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ქართველი სერჟანტის მიმართ სიცოცხლის უფლება დაირღვა; სტრასბურგის სასამართლო 2008 წელს ჩატარებული გამოძიების მიკერძოებაზე საუბრობს, საქართველოს პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ როინ შავაძის განზრახ მკვლელობის საქმის გამოძიება დასკვნით ეტაპზეა; ევროპული სასამართლოს დადგენილებით, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, ქართული სახელმწიფო შავაძის მეუღლეს 40 ათას ევროს გადაუხდის;
▶ საქართველოში ეპიდემიის გავრცელება კვლავ საგანგაშოა – ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 3 697 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთა უმეტესობა დედაქალაქს უკავშირდება; გარდაიცვალა 38 ადამიანი; ჯანდაცვის სამინისტრო შემთხვევათა რაოდენობის ზრდას პროგნოზირებს, რის ერთ-ერთ მიზეზად ქუჩაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები სახელდება; ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ჯანმრთელობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს;
▶ დღგ-ს დაბრუნების სისტემა კიდევ უფრო მარტივდება – კომპანიებს დამატებითი ღირებულების გადასახადის თანხა ავტომატურად დაუბრუნდებათ; შეღავათი 150 000-ზე მეტ ბიზნეს სუბიექტს შეეხება; მმართველი გუნდი ქვეყნის ეკონომიკაში ყოველწლიურად, მილიარდი ლარის დაბრუნებას პროგნოზირებს; ქართული ეკონომიკის სწრაფად აღსადგენად მთავრობა უცხოელ ინვესტორებს სახელმწიფო გრანტს სთავაზობს.
მოამბე