მაჟორიტარ დეპუტატებთან ორდღიანი კონსულტაციების შემდეგ, მმართველმა გუნდმა გადაწყვეტილება დღეს დილით გამოაცხადა.
„ქართული ოცნება“ საარჩევნო სისტემაზე ინიციატივების განხილვას არ აპირებს და თემას დახურულად აცხადებს. თუმცა, ხელისუფლება მზადაა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარობის კანდიდატები არ დააყენოს იმ ოლქებში, სადაც ოპოზიციონერი კანდიდატები გადაწყვეტენ კენჭისყრას. თუმცა ეს შეთავაზება არ ვრცელდება „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ კანდიდატებზე.
მმართველი პარტიის წინადადება კატეგორიულად მიუღებელია ოპოზიციისთვის, რომელსაც შექმნილ ვითარებაში გამოსავლად ე.წ. გერმანული საარჩევნო სისტემა მიაჩნია. ოპოზიციურ სპექტრში რეზონანსული აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ ოფისში გაკეთებული განცხადების ის ნაწილიც, რომელიც საარჩევნო რეფორმაზე საყოველთაო გამოკითხვის ჩატარებას ეხება.