გენერალური პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული გაერთიანებულ სამეფოში დააკავეს.
საქმე ეხება მიმდინარე წლის 18 მაისს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ დანაშაულს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა დაზარალებულს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა. აღნიშნულის შემდგომ ბრალდებულმა თანმხლებ პირებთან ერთად გვამი დაუსახლებელ ადგილას დამარხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდება მას სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაუსწრებლად წარედგინა, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და გამოცხადდა ძებნა. პროკურატურის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე და გაერთიანებული სამეფოს შესაბამისი სამსახურების მიერ გაწეული საქმიანობის შედეგად, ვესტმინსტერის მაგისტრატი მოსამართლის ბრძანების საფუძველზე დანაშაულში ბრალდებული პირი 2023 წლის 16 ივლისს დააკავეს და მას საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. ამჟამად მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები. ამავე საქმეზე ბრალდებულია კიდევ ექვსი პირი.