დღეს კიოლნში გასამართ მატჩს ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძე წერს: „ჩვენ გულებში საქართველოს ნაკრები უკვე ჩემპიონია!!! თუმცა, ჩვენ მეტი გვინდა და დღესაც მოსაგებად მივდივართ!!! საქართველო იგებს!!! “- წერს პრემიერი.
ესპანეთი-საქართველოს დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება უმრავლესობის ლიდერიც. მამუკა მდინარაძე წერს: „ბიჭებმა სასწაული უკვე მოახდინეს და ამ საოცარი ჟინის, ბრძოლის, პროგრესის, დაუჯერებელი გამარჯვებების გაგრძელებას ელოდება ქვეყანა! დღეს რაც არ უნდა მოხდეს, თქვენ უკვე გმირები ხართ, ჩვენ კი სულ თქვენი მომდევნო გამარჯვებების რწმენით ვიცხოვრებთ.“- წერს მდინარაძე.
დღევანდელ მატჩს საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესს უწოდებს კახა კალაძე. თბილისის მერმა და ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს: „ის, რაც დღეს ფეხბურთის მოედანზე უნდა მოხდეს, ფეხბურთზე ბევრად მეტია. დღეს კიდევ ერთხელ ვთანხმდებით-როდესაც ვერთიანდებით საერთო მიზნით, საერთო მისწრაფებით, ბრძოლის ჟინით, წარმატების რწმენით, ვაღწევთ გამარჯვებას და ვაგრძელებთ განვითარებას. ჩვენი ქვეყნის ისტორია სწორედ ამის დასტურია. მჯერა, ჩვენი ბიჭების ბრძოლა დღესაც სიამაყით აგვავსებს და გვათქმევინებს- ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ვართ საქართველო!“ – წერს კახა კალაძე.