მსოფლიო პოლიტიკის ცენტრში დღეს ქალაქი მიუნხენია.
უსაფრთხოების კონფერენციის პირველივე დღე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შეხვედრით და სიახლით დაიწყო. მამუკა ბახტაძე აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდა. 45-წუთიანი საუბრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქართველო ამერიკასთან ახალ მემორანდუმს და 5-წლიან ჩარჩო-შეთანხმებას გააფორმებს. სწორედ ეს ორი დოკუმენტი უნდა გახდეს საფუძველი სტრატეგიული პარტნიორების თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების და ნატოში საქართველოს გაწევრიანებისთვის. ქართული მედია განსაკუთრებული ინტერესით ელოდება რუსეთის პირველი დიპლომატის და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრასაც. პირველი არხის ჟურნალისტის კითხვაზე, შეეხება თუ არა საუბარი საქართველოსაც, იენს სტოლტენბერგი ხაზს უსვამს, რომ ჩვენი ქვეყნის საკითხი ორგანიზაციისთვის ყოველთვის პრიორიტეტულ თემებს შორისაა.
შეხვედრის დაწყების წინ ალიანსის გენერალურმა მდივანმა რუსეთთან დაძაბულ ურთიერთობასა და მის მიერ გაზრდილ სამხედრო წარმომადგენლობაზეც მიუთითა.
ახალი მემორანდუმის და ჩარჩო-შეთანხმების დეტალებს მიუნხენიდან ქეთი ქარდავა გაგვაცნობს.