მინისტრთა კაბინეტის წევრების შეფასება

დღევანდელი გამოსვლა შინაგან საქმეთა მინისტრისთვის მადლობის გადახდით დაიწყო პრემიერმა. 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მინისტრთა კაბინეტი სახელმწიფო გადატრიალების და ხელისუფლების ძალისმიერი გზით შეცვლის მცდელობად აფასებს.

პრემიერი და მინისტრები ხაზს უსვამენ, რომ პოლიციამ ხუთშაბათს ღამით ლეგიტიმური ძალა გამოიყენა, თუმცა გუნდში არ უარყოფენ, რომ იყო ძალის გადამეტების შემთხვევები და არსებობს შესაბამისი კადრებიც, რაც გამოძიების საგანი უნდა გახდეს. მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრმა გიორგი გახარიას მხარდაჭერა საჯაროდ გამოუცხადა.

მთავრობის სხდომას ესწრებოდა თავად გახარიაც, რომელმაც მედიის წინაშე განმარტებები კიდევ ერთხელ გააკეთა და 20-21 ივნისს სპეცრაზმის მიერ რეზინის ტყვიების გამოყენების კანონიერებაზეც ისაუბრა.

სისტემური გადაცდომების გამოვლენის შემთხვევაში ძალოვანი უწყების პირველი პირი გადადგომისთვის მზად არის. მინისტრმა საკუთარ მხარდამჭერებსაც მიმართა და ხვალისთვის დაანონსებული კონტრაქციის გამართვისგან თავშეკავება სთხოვა.