წერილი თბილისიდან სტრასბურგში.
ორი კვირის წინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს მხარდაჭერის გარეშე დამტკიცებული რეზოლუციის გამო ქართული მხარე ოფიციალურ წერილობით განმარტებას აკეთებს. შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს წერილს უგზავნის და იმ მიზეზებს უხსნის, რის გამოც ქართულმა დელეგაციამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დასაგმობად მიღებულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრად მოხსენიება და მისი გათავისუფლებისკენ მოწოდების ჩანაწერი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობას აზიანებს – ასეთია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მთავარი გზავნილი. პაპუაშვილი ევროსაბჭოს ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს და იმ გადაწყვეტილებებსაც ახსენებს, რომლებიც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სწორედ წინა ხელისუფლების დროს საქართველოდან გაგზავნილ საჩივრებზე გამოიტანა. ისევე როგორც რეზოლუციამ, სტრასბურგში გაგზავნილმა წერილმაც შიდა პოლიტიკური ვნებათაღელვაც გამოიწვია.