მიხეილ სააკაშვილის საქმე - წერილი კლინიკიდან

კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის პალატაში გადაღებული ვიდეომასალის გავრცელებას წერილით ეხმაურება მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი: „მე მინდა, მივმართო ყველას, ვინც თავს ღირსების მქონე ადამიანად მიიჩნევს, თქვენი ადამიანობის იმედი მაქვს. მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში, რუსეთის ჩათვლით, გინახავთ ასეთი და უმსგავსობა? ყველაზე მეტად მეცოდება მედპერსონალი, რომელიც ყაჩაღთა ბანდას აყვანილი ჰყავს მძევლად და ყველანაირად ატერორებს. მე რაც არ უნდა მომივიდეს, ექიმებს ამაში ყველაზე ნაკლები დანაშაული მიუძღვით და ნურავინ შეეცდება მათ ხელი შეაწმინდონ. რაც შემეხება მე, შეგიძლიათ განახორციელოთ თქვენი დაანონსებული მკვლელობის გეგმა, მაგრამ გატეხით ვერ გამტეხავთ“- წერს მიხეილ სააკაშვილი წერილში, რომელიც მედიას მისმა ადვოკატმა გააცნო. შალვა ხაჭაპურიძე კანონის დარღვევად აფასებს კადრების გავრცელებაზე იუსტიციის სამინისტროს მოქმედებას. ადვოკატის თქმით, ამ შემთხვევაში ეს არის სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედება და დაცვის მხარე მიმართავს როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, ისე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაიწყონ გამოძიება.