უკრაინიდან პოლონეთში გაძევებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამჯერად ვარშავიდან იმუქრება. მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს პათოლოგიურ მატყუარად და „ბარიგად“ მოიხსენიებს და მის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას აანონსებს.
ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის გეგმა უკრაინაში საპროტესტო აქციების ორგანიზება და ევროპის ქვეყნებსა და ევროპარლამენტში შეხვედრების გამართვაა. პარალელურად სააკაშვილის ადვოკატები კიევში კიდევ ერთ სამართლებრივ დავას იწყებენ და ამჯერად სასამართლოში ექს-გუბერნატორის უკრაინიდან გაძევებას ასაჩივრებენ. პოლონეთში გაშვებას წინ უძღოდა კიევის სააპალაციო სასამართლოს 5 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც უკრაინის მოქალაქეობის არმქონე მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში კანონიერად ყოფნის უფლება ვერ მოიპოვა.