რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატები იმყოფებიან. როგორც მათ შესვლამდე განაცხადეს, მიხეილ სააკაშვილს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გააცნობენ. ადვოკატების პარალელურად, პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის სურვილი ჰქონდა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის დეკანოზს, ამბროსი თორდიას, მაგრამ მას დაწესებულებაში შესვლის ნებართვა არ მისცეს, რადგან არც კოვიდრეგულაციებთან დაკავშირებული საბუთები ჰქონდა და მისი განცხადებით, არც ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრისაგან ჰქონდა კურთხევა. დღესვე, რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი მივიდა. როგორც მან განაცხადა, დაწესებულებაში პატრიარქის კურთხევით იმყოფება. სავარაუდოდ, პატრიარქის მდივანი სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს. პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ბათუმიდან ჩამოსული მოქალაქე აქციას მართავს. როგორც ტარიელ მეკეიძემ განაცხადა, ის ბათუმიდან სპეციალურად მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ჩამოვიდა.